იაპონურმა კომპანია TEPCO Renewable Power-მა ინვესტიცია განახორციელა დარიალის 108 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურში

 

TEPCO Renewable Power-მა, იაპონური ენერგეტიკული გიგანტის Tokyo Electric Power Company Holdings (TEPCO) შვილობილმა კომპანიამ, შეიძინა სს „დარიალი ენერჯი“-ს 31.4% წილი შპს „ფერი“-სგან. სს "დარიალი ენერჯი" ფლობს და ოპერირებას უწევს 108 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურს მდინარე თერგზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (დარიალის ჰესი). აღნიშნული გარიგებით TEPCO Renewable Power გახდა დარიალი ჰესის ერთ-ერთი მფლობელი.

 

TEPCO-ს აქვს 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ელექტროსადგურების განვითარებასა და ექსპლუატაციაში (თერმული, ბირთვული და განახლებადი ენერგიის ჩათვლით). კომპანიის მთლიანი ენერგიის წლიური გამომუშავება აღწევს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ მეტია,  საქართველოს წლიურ მოხმარებაზე.

 

TEPCO– ს დიდი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური “ნოუ-ჰაუს” გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარიალი ჰესისთვის. ჰესის მართვისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაციის მიზნით, TEPCO გეგმავს იაპონელი ექსპერტების და ინჟინრების ჩართვას კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ TEPCO- ს მონაწილეობა გაზრდის ჰესის ეფექტურობას და გააუმჯობესებს მისი ოპერირების ხარისხს.

 

შპს „ფერი“ 1991 წლიდან არის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც სპეციალიზირებულია მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული, მათ შორის ჰიდროელექტრო პროექტების განვითარებაში. კომპანია ფლობს და მართავს საქართველოში 6 ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრეა 150 მეგავატი, ხოლო განხორციელებული მილსადენიანი პროექტების საერთო მოცულობა უტოლდება 300 მგვტ-ს.

Dariali Energy - იაპონურმა კომპანია TEPCO Renewable Power-მა ინვესტიცია განახორციელა დარიალის 108 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურში Dariali Energy